„ჩავედით, მოვეწყვეთ, მოგვწონს, ვრჩებით“, „კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ“, „მართლა ძალიან ბედნიერი ვარ“, „მოკლედ, კარგად კი არა, ძალიან კარგად ვარ“.

ასე იწყებოდა ან მთავრდებოდა გერმანიაში გაკეთებული ჩემი ჩანაწერები, რომლებიც, ახლა რომ გადავხედე, საკმაოდ ბევრი დაგროვებულა. მგონი, ასე არასდროს გამჭირვებია  ჩანაწერების დაწყება: ვზივარ გაღიმებული სახით და გაფრენის დღიდან ჩამოფრენამდე კადრებად მილაგდება ისტორიები (რა თქმა უნდა, ჩემს თანამგზავრ ლიზისთან ერთად).

თავიდან ყველაფერი „არაგერმანულად“ დაიწყო. დორტმუნდი შედარებით დიდ სადგურის მოედანს ჰგავდა, დაგვიანებული ავტობუსის მომლოდინე, საათზე შემყურე, დაღლილი მგზავრებიც  საქართველოს მოგაგონებდათ. შემდეგ გერმანელი კაცი გვეუცნაურა, უცხო ადამიანებს რომ გამოგველაპარაკა. თან, აქ დაიწყო ჩემი და ლიზის „საქართველოს ელჩობა“ და საგანმანათლებლო გაკვეთილები, რომ არც ამერიკის ჯორჯიიდან ვართ და არც რუსეთის ფედერაციის ნაწილში ვცხოვრობთ.

თითქმის 24 საათიანი მგზავრობის მერე ჩავაღწიეთ ბრემენში, ნახევრად არაადამიანური სახეებითა და ,,ვაი, იქ რომ ჩავალთ, გზა რანაირად გავიგნოთ” თვალებით. მაგრამ აქ არსებობს ერთი დიდი ,,მაგრამ”. ყველაფერი იმაზე კარგად მოხდა, ვიდრე ველოდით. დორტმუნდში, ავტობუსში, ერთ კარგ ქართველ ადამიანთან დამთხვევამ, ,,ვაი, რა გვეშველება” ფიქრები გაგვიქრო, თან გადაგვყვაო რომ ამბობენ, მაგაზე ასჯერ მეტი გააკეთა და სახლებისკენ მიმავალ 10 ნომერ ტრამვაიშიც მშვიდობიანად ჩაგვსხა. ლიზის სახლს მარტივად მივაგენით. აქაც  არაგერმანული ამბები დაიწყო, მისი მასპინძლის ხვევნა- ჩახუტებით დახვედრით დაწყებული,  ჩემს მასპინძელთან გადარეკვით და სახლამდე მიცილებებით. მეთქი – ან ახლა დაიწყება ამათი სიცივე, სიხისტე, ან ახლა. მაგრამ – არა, თითქოს პირი შეკრეს. ჩემი მასპინძელი ანგელიკა კარაქიანი პურით და ჩაით, ოთახში მაგიდაზე დაწყობილი საკანცელარიო ნივთებით და გემრიელი ალუბლის შოკოლადებით დამხვდა. ჰო, საწოლიც გაწყობილი იყო. აქ დავნებდი ჩემს სტერეოტიპულ აზრებს გერმენელების შესახებ და დავრწმუნდი, რომ სასიამოვნოდ გაოცებების ჯერ მხოლოდ დასაწყისი იყო; და ცივი და ხისტი თუ რამე იყო ამ ქალაქში, ეს ორი წამის წინ მანათობელ მზეს გადაფარებული შავი ღრუბელი, დიდი, ბუხუნა ფიფქები და ხშირი ქარი იყო.

ამ ყველაფრის და იმის მიუხედავად, რომ საქართველოშიც ბოლო სამი წელია ასე თუ ისე დამოუკიდებლად ვცხოვრობ, მახსოვს, მაინც ვნერვიულობდი – ახალი ქალაქი, ახალი უნივერსიტეტი, ახალი პასუხისმგებლობები და ვალდებულებები. გარკვეულწილად, გერმანული ენის ბარიერიც მაშინებდა (საბედნიეროდ, აბსოლუტურმა უმრავლესობამ მომსახურების სფეროში, ინგლისური იცოდა). სანამ რაღაცას პირველად გააკეთებ, ყველაფერი რა რთული ჩანს. უნივერსიტეტის საორიენტაციო კვირის განმავლობაში, ძალიან უშუალო და პროფესიონალი ხელმძღვანელების მეშვეობით, საგნებსაც გავეცანით, საბანკო ანგარიშიც გავხსენით, დაზღვევაც გავიფორმეთ და რაც მთავარია, ჩვენს მიწაზე უფასოდ მოგზაურობის 5 თვიანი ბილეთიც ავიღეთ.  ამაზე ოდნავ ქვემოთ ვისაუბრებ, მანამდე უნივერსიტეტზე ვიტყვი რამდენიმე სიტყვას: პირველივე დღიდან მაქსიმალურად ცდილობენ, ნაკლებად სტრესული იყოს ახალი გარემო, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვყვებიან და ფაქტობრივად, მათთან ერთად აკეთებ ყველა ადმინისტრაციულ საქმეს. რამდენიმე კვირა გაქვს, სანამ გადაწყვეტ, რომელი საგნის გავლას აპირებ. ლექცია-სემინარები რომ ვთქვა, რადიკალურად განსხვავდებოდა ჩვენი სწავლების მეთოდებისგანო, მოვიტყუები, თუმცა იყო სხვაობებიც. მაგალითად, შეგეძლო, დამოუკიდებლად აგერჩია გამოცდის სტილი (კვლევითი ნაშრომი, ესე ან ტიპური გამოცდა) და შესაბამისად სასურველი კრედიტი მიგეღო (3 ან 6), დასწრება-აქტიურობა კი მხოლოდ უცხო ენებზე აღინიშნებოდა, მაგრამ ბუნებრივია,  მაინც რეკომენდებული იყო. აი, საკვები სივრცე, იზოლირებული სამეცადინო კუთხეები და მოსასვენებელი გარემო, ნამდვილად იყო ის, რითაც ჩვენი უნივერსიტეტისგან რადიკალურად განსხვავდებოდა.

მოგზაურობას და ტურისტობას რომ დავუბრუნდე – ბრემენი ისეთი ქალაქია, სულ რომ არ მქონოდა შანსი, სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში მემოგზაურა, დარწმუნებული ვარ, მაინც კმაყოფილი და შთაბეჭდილებებით სავსე დავბრუნდებოდი. მთელი ბრემენი ერთი პატარა მუზეუმია. დადიხარ ქუჩებში და გგონია, რომ ცხენიანმა ხალხმა უნდა ჩამოიარეს, თან მეორე მხარეს გაიხედავ და კაპიტალიზმის სიმბოლო – მაკდონალდსი გიყურებს (გემოებში აშკარად პრობლემა აქვთ, ქართული ბევრად ჯობს). ეტლები არა, მაგრამ ავტობუსები და ტრამვაები ისე ჩუმად დასრიალებენ, ყურადღებით თუ არ იქნები, შეიძლება დასიგნალებაც დაიმსახურო (რაც ბრემენში ძალიან იშვიათი იყო) და ჰო, დაგვიანებები ამათ ნამდვილად არ ახასიათებდათ, წამის მეასედებში შეგეძლო დაგეთვალა შენი მარშრუტი. ამ ქალაქში ყველა ასაკის და კატეგორიის ადამიანი იპოვიდა თავის გასართობს: მდინარე, ტყე-პარკი, კაფეები, ბარები, „საიდუმლო და აკრძალული“ სივრცეები, სადაც ღამის ცხოვრება აქტიურად მიმდინარეობდა (ცუდი არაფერი, კოცონი, ლუდი, მუსიკა და ცოტა მოგიჟო საზოგადოება).

ზემოხსენებული 5 თვიანი ბილეთები კი ჩემი და ლიზის ღამის თავგადასავლების გარანტი იყო. როცა შუაღამით სეირნობა ან მეგობრებთან ერთად ბარში ჯდომა გბეზრდება, რას აკეთებ? დიახ, გარბიხარ სახლში, იღებ პურს, ძეხვს, წყალს, მირბიხარ სადგურზე და მიყვები ნებისმიერ მატარებელს, რომელიც გამთენიისას უკან დაგაბრუნებს.

ასე იქმნება დაუვიწყარი მოგონებები, რომლის საშუალებას გერმანია ბევრჯერ და სხვადასხვა ფორმით გაძლევს. ისეც ნუ გეგონებათ, რომ გერმანიის მდიდრების ათეულში შევდიოდით, თვის ბოლო, სტანდარტულად. მაკარონზე და კეტჩუპზე გადადიოდა, 1 და 2 ცენტიანებს აუცილებლად ვინახავდით და ერთმანეთის ვალებსაც მე და ლიზი პირნათლად ვაბრუნებდით  (10-15 ცენტი). ასეთი ეკონომიურობით და ფინანსური დაგეგმვით, მოვახერხეთ და 5 ქვეყანას ვესტუმრეთ, ზოგს ერთად, ზოგს მარტო (ამ ისტორიებზე ტომეულების დაწერა შემიძლია).

ბოლოსკენ, რაც არ უნდა ბანალურად ჟღერდეს, უნდა აღვნიშნო, რომ უცხო ქვეყანაში შენ არა მხოლოდ შენს თავს, არამედ ქვეყანასაც წარმოადგენ და კარგად უნდა გესმოდეს, რამხელა პასუხისმგებლობაა ეს. ამ ფაქტის პირისპირ ყველაზე მეტად ოცი ივნისის ამბების დროს აღმოვჩნდით. ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ევროპაში მყოფ სხვა ქართველ სტუდენტებთან გავიზიარეთ და შევეცადეთ, პროტესტი გამოგვეხატა.

ჩემი ევროპული მოგონებები ნამდვილად არასდროს დასრულდება, ამ ჩანაწერის დასასრულს კი ვიტყვი, რომ იქ გატარებული 5 თვე იყო შესაძლებლობა, შესაძლებლობა საკუთარი თავის გამოცდის, დამოუკიდებლობის არსის გააზრების, პასუხისმგებლობის გაზიარების და ერთი შეხედვით დაუძლეველი ბარიერების გადალახვის.

ჩავედი, მოვეწყვე, გავიზარდე, ჩამოვედი.

 

2020-08-27T14:44:56+00:00