ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გაცვლითი პროგრამის აპლიკაციის ბოლომდე მიყვანა დედლაინამდე 2 საათით ადრე გადავწყვიტე – არც რეკომენდაცია მქონდა, არც სამოტივაციო წერილი, არც ხელმოწერა არჩეულ საგნებზე. არ მახსოვს ორ საათში რა როგორ მოვასწარი, მაგრამ ფაქტია, რაღაც ჯადოსნობით 2019 წლის შემოდგომის სემესტრი ვილნიუსის უნივერსიტეტში გავატარე.

ჩამოსვლის დღიდან მივტირი იქ ყოფნის პერიოდს და გამუდმებით ვწუწუნებ იმაზე, რომ უკან დაბრუნება მინდა. განა რა არის ამ ვილნიუსში ისეთი, რაც თბილისში არ მოიძებნება, არა? მეტსაც ვიტყვი, ბევრი რაღაცით თბილისი სჯობს ვილნიუსს. გართობის თვალსაზრისით, მაგალითად, დიდი არჩევანი არ გვქონდა – ანდერგრაუნდ კლუბებში უბრალოდ არ შეისვლებოდა ისეთი განუკითხაობა იყო, არავინ გაცდიდა ცეკვას; ბარებში უკეთესი სიტუაცია იყო.

ბალტიის რეგიონის კლიმატზეც, ალბათ, გსმენიათ ერთი-ორი სიტყვა. დედაჩემი მე რომ არ მენდობოდა, თავისით ამოწმებდა ამინდის პროგნოზს და სადღაც ნოემბერში უკვე ლამის გადმომიძვრა ტელეფონიდან “გრძელი დუტის კურტკა იყიდე ხვალვეო”! (ბევრი ძახილის ნიშნით). შესაბამისად, რაც ზაფხულში მომეწონა ვილნიუსში – ქალაქის გამწვანება (მართლა ძალიან ბერვი ხეა), ზამთარში შემომეძარცვა და ჩამინაცრისფრდა. კიდევ, სამ საათზე მზემ ჩასვლა რომ დაიწყო და დე ვიტამინიც საგრძნობლად მომაკლდა, არც თუ ისე იშვიათად ვდგებოდი მელანქოლიურ განწყობაზე. ამასთან, მოგატყუებთ, თუ გეტყვით, რომ აქაური და იქაური სწავლის ხარისხი დიდად განსხვავდება. მართალია, საგნების არჩევის პროცესი ბევრად (ბევრად!) მარტივი იყო, თუმცა როგორც აქ, ისე იქ იყვნენ ლექტორები, რომელთა სწავლების მეთოდიც მომწონდა და იყვნენ ისეთებიც, რომლების საგნის ფინალურზე გასვლისთვისაც კი არ შემიწუხებია თავი (კი, სამაგიეროდ, მომავალი სამი სემესტრი მომიწევს ამისთვის საფასურის გადახა).

ლიეტუველ ხალხს რაც შეეხება, ძალიან მშვიდები არიან. არავინ არსად ჩქარობს, დასტრესილ და განერვიულებულ სახეს იშვიათად თუ შეხვდები ქუჩაში. მოკლედ, ამ თბილისის ქაოსს შეჩვეული გოგოსთვის ცოტა უცნაურიც კი იყო ასეთი მშვიდი ყოფა. ჩემს მელანქოლიას და ქაოსის ნოსტალგიას სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მე_16 ოთახი კურნავდა ხოლმე. მგონი, ჩემს ოთახში არ გამიტარებია იმდენი დრო, რაც ამ ოთახში გავატარე. ასე, შევიკრიბებოდით ხოლმე ოთხი ქართველი გოგო და ერთად ვჭამდით, განვიხილავდით სფეისის პოსტებს, ვჭორაობდით, ვუყურებდით ფილმებს, მე_17 ოთახიდან გამოსული აუტანელი სუნის გამო ვილანძღებოდით, მე და ქეთა ვუსმენდით, როგორ ეჩხუბებოდა ნინო ქრისტინეს, რომ აუცილებელი იყო ძილის რეჟიმი მოეწესრიგებინა და ჩიფსების ჭამას შეშვებოდა და, მართალია, ოთხივეს საშინლად გვენატრებოდა ჩვენ-ჩვენი ოჯახები, მაგრამ ჩვენც ნამდვილი ოჯახივით ვიქეცით ძალიან მალე. გაცვლითი პროგრამების ერთ-ერთი ნათელი წერტილი მოგზაურობაა და არც მე მოვიკელი ეს სიამოვნება. მე და ნინჩიმ ერთად მოვიარეთ ვარშავა და ბალტიისპირეთი. ნამდვილად, სწორად მიხვდით, მხოლოდ ტალინსა და რიგაში ვიყავით (თან ტალინში საღამოს ჩასულები გამთენიისას დავადექით რიგის გზას). ჰოდა, გირჩევთ, სამოგზაუროდ წასვლას თუ გადაწყვეტთ, კარგად დაგეგმეთ, რისი ნახვა და გაკეთება გინდათ იქ, რომ ჩვენსავით მხოლოდ ბოდიალი არ გამოგივიდეთ. ასევე, ნუ შეშინდებით, თუკი ავტობუსში პასპორტის კონტროლის დროს ამოყვანილი ძაღლი თქვენკენ გამოიწევს, გაიხსენეთ, იქნებ ძეხვიანი სენდვიჩები გიწყვიათ ჩანთაში.

გოგოებისგან განსხვავებით მე ცოტა რთულად მქონდა საქმე რუმმეითების მხრივ. ორ რუს გოგოსთან ერთად ვცხოვრობდი და მართალია, რუსული გავიუმჯობესე და საბოლოოდ კარგი ურთიერთობაც ჩამოგვიყალიბდა, მაგრამ მანდამდე მისასვლელად რთული გზა განვვლე. ჯერ იმით დავიწყეთ, რომ ერთ-ერთს კითხვაზე – იყო თუ არა საქართველო რუსეთის შემადგენლობაში, ჩვენი ისტორია დეტალებში მოვუყევი 1921 წლიდან დღემდე, რათა მსგავსი რამ მეორედ არ ეხსენებინა. მეორეს ოდნავი წარმოდგენა ჰქონდა პოლიტიკაზე და რამდენჯერმე ვიდავეთ კიდეც. გასული საუკუნის ისტორიის განხილვისას თავის არგუმენტად ის მომიყვანა, რომ სტალინი ქართველი იყო, ამიტომ საბჭოთა კავშირის ქმედებებზე საქართველო უფრო პასუხისმგებელი იყო, ვიდრე – რუსეთი (სამი წერტილი).

მოკლედ, გავუძელი, გადავრჩი, გავძლიერდი. ყველაზე დიდი მიზეზი იმისა თუ რატომ მინდა იქ დაბრუნება არის ის, რომ თითოეული სირთულე მარტომ გადავიტანე. იქ არ მყავდა ბებია, რომელიც გამზადებულ საჭმელს დამახვედრებდა სახლში მისვლისას, ჩემით უნდა დამერეცხა სარეცხი, მეყიდა პროდუქტები, ჭკვიანურად გამენაწილებინა თანხა მთელ თვეზე (ამაზე ჯერ ისევ ვმუშაობ), ჩავწერილიყავი ექიმთან, მიმეღო სერიოზული გადაწყვეტილებები, ჩემით, ჩემით, ჩემით. ანუ, ის ყველაფერი, რასაც ჩემი ასაკის ადამიანი ისედაც უნდა აკეთებდეს, გაცვლითი პროგრამის გარეშე, მაგრამ ქართველ ბავშვებს ხომ პრივილეგია გვაქვს მზრუნველი დედებისა და ბებიების სახით. გაზარმაცებულები ვართ და ველოდებით როდის მოგვივა ყველაფერი მზა-მზარეული. რადგან მივხვდი, რომ იქ მე ვიყავი დედაჩემიც და ბებიაჩემიც, ჩემს თავს შემოვუძახე, აბა შენ იცი ახლა_მეთქი და უცებ გავიზარდე. მივეჩვიე დამოუკიდებლად ცხოვრებას და მივხვდი, რომ ჩემი თავი მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პასუხისმგებლობაა და სხვას ვერ მოვთხოვ პასუხს ჩემს მოქმედებასა თუ უმოქმედობაზე. ჰოდა მაგას მივტირი ახლა, როცა გრძნობ, რომ შენი თავი შენ გეკუთვნის. ალბათ, ბევრ გაცვლითის სტუდენტს აქვს ასეთი გრძნობა, არ ვიცი, მაგრამ ერთი რამ აშკარაა, რომ იქიდან ბევრად გაზრდილი და ჩამოყალიბებული ჩამოვედი.

2020-07-10T15:46:21+00:00